უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი და გენერალური დირექტორი, ხალუკ ბაირაქტარი ამბობს, რომ მოსკოვს აპარატებს არ მიყიდიან. როგორც მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფული და მატერიალური რესურსები მათი პრიორიტეტი არაა და მხარს უკრაინას უჭერენ.
"ჩვენთვის ფული პრიორიტეტი არაა. ჩვენს ბიზნესში ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა მიზანი. უკრაინასთან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება. ამიტომაც რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, გულწრფელად გითხრათ, საუბარიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში ისინი მათ [მოსკოვს] გადავცეთ. ამჟამად მთელი ჩვენი მხარდაჭერა სრულად უკრაინის მხარესაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან მყარი კავშირი გვაქვს და უკრაინა განიცდის ძალიან უსამართლო, აგრესიულ და დაუსაბუთებელ აგრესიას. ამიტომაც, ვერაფერი დაჩრდილავს უკრაინასთან ჩვენს თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რა თანხა იქნება შემოთავაზებული, ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება", - განაცხადა მან ინტერვიუს დროს.
Bayraktar-ის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ივნისში კომპანია Baykar-მა უკრაინას უფასოდ გადასცა სამი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.